Buying an Apartment vs. Building a House: Which Option Is Financially Smarter in Georgia?

 

საქართველოში საკუთარი სახლის ქონა ბევრისთვის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. თუმცა, ადამიანების უმეტესობა ერთი და იგივე კითხვას უსვამს საკუთარ თავს: ჯობია ბინა ვიყიდო, თუ საკუთარი სახლი ავაშენო? სწორი პასუხი ყველასთვის განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, სად გინდათ ცხოვრება, რა ბიუჯეტი გაქვთ და როგორია თქვენი ცხოვრების სტილი.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ორივე ვარიანტს - რეალური ხარჯებიდან დაწყებული, იმ ფარულ რისკებამდე, რომლებზეც წინასწარ იშვიათად საუბრობენ. მიზანი მარტივია: დაგეხმაროთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ გათვლილად და თავდაჯერებულად.

 

ბინის ყიდვა: რა ფინანსური ხარჯები უნდა გაითვალისწინოთ

ბინის ყიდვა ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მოიძებნება სასურველი ვარიანტი, გაფორმდება ნასყიდობა და ის თქვენია. თუმცა, სინამდვილეში ბინის საბოლოო ღირებულება ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე განცხადებაში მითითებული ფასი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, წინასწარ ზუსტად იცოდეთ, რა ხარჯების გათვალისწინება მოგიწევთ, რათა შემდეგ მოულოდნელ ფინანსურ სირთულეებში არ გაეხვეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, თავად ბინის ფასია. ეს დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე, სართულზე, ფართზე, სახლის ასაკსა და ზოგად მდგომარეობაზე. თბილისში, მაგალითად, ფასი კვადრატულ მეტრზე უბნიდან უბნამდე ძალიან განსხვავდება. მაგალითად, ვაკეში ან საბურთალოზე ფასები უფრო მაღალია ისეთ უბნებთან შედარებით, როგორიცაა გლდანი ან ვარკეთილი.

რემონტი კიდევ ერთი სერიოზული ხარჯია, რომელსაც ბევრი მყიდველი წინასწარ არ ითვალისწინებს სათანადოდ. მეორადი ბინები ხშირად საჭიროებს კოსმეტიკურ ან სრულ კაპიტალურ რემონტს, რაც, ბინის ზომისა და გამოყენებული მასალების მიხედვით, ათიათასობით ლარი შეიძლება დაჯდეს. ახალ კორპუსებში „ნედლი" ბინები კი სრულად მოსაწყობია იატაკიდან ჭერამდე, სანტექნიკიდან კარ-ფანჯრამდე.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მცირეა, მაინც ემატება საერთო ბიუჯეტს. და ბოლოს ავეჯი, ტექნიკა და სახლის მოწყობა, რაც ახალ ბინაში შესახლებისას ხშირად ყველაზე „მოულოდნელ" ხარჯად იქცევა.

 

საკუთარი სახლის აშენება: რა ღირს რეალურად?

სახლის აშენება ბევრისთვის ნამდვილი ოცნებაა. ადგილი, რომელიც სრულად შენია, შენი გემოვნებით შექმნილი, შენი ოჯახის საჭიროებებზე მორგებული. მაგრამ სანამ ამ ოცნებას პრაქტიკულ გეგმად გადააქცევთ, მნიშვნელოვანია სრული სურათი გქონდეთ,  როგორც ფინანსური, ისე ლოჯისტიკური თვალსაზრისით.

მშენებლობა მიწის შეძენით იწყება. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, მიწის ფასი განსხვავდება ადგილმდებარეობის, ფართობის, კომუნიკაციების არსებობისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.

შემდეგ მოდის არქიტექტურული პროექტი, რომლის გარეშე მშენებლობის ნებართვის მიღება შეუძლებელია. პროფესიონალი არქიტექტორის მომსახურება არც ისე იაფია, თუმცა ეს ის ხარჯია, რომელზე ფულის დაზოგვა მომავალში, დიდი ალბათობით, უფრო ძვირი დაჯდება, რადგან ცუდად შედგენილი პროექტი მშენებლობის პროცესში მუდმივ შეფერხებებს და დამატებით ხარჯებს ქმნის.

სამშენებლო მასალები და სამუშაო ძალა მთლიანი ბიუჯეტის ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს. ეს ხარჯი პირდაპირ დამოკიდებულია სახლის ზომაზე, სართულების რაოდენობაზე, გამოყენებული მასალების ხარისხსა და იმ ბრიგადის კვალიფიკაციაზე, რომელსაც სამუშაოს ანდობთ. კარგი ოსტატი ძვირი ღირს, მაგრამ ცუდი ოსტატი - კიდევ უფრო ძვირი, რადგან გადაკეთება ორჯერ მეტი ჯდება.

კომუნიკაციების მოწყობა: წყალი, გაზი, ელექტრობა, კანალიზაცია… ხშირად ნახსენები არ არის სამშენებლო ბიუჯეტის პირველ ვარიანტებში, თუმცა ეს სერიოზული ხარჯია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიწა ქალაქის გარეთაა და ახლომდებარე ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის.

და ყველაზე მნიშვნელოვანი გაფრთხილება: მშენებლობის ბიუჯეტი პრაქტიკულად ყოველთვის იზრდება. გამოცდილი მშენებლები და ფინანსური მრჩევლები გირჩევენ, საწყის ბიუჯეტს ყოველთვის დაუმატოთ 20–30%-იანი სარეზერვო ბუფერი — მასალების ფასის ცვლილებისთვის, გაუთვალისწინებელი სამუშაოებისთვის ან პროექტის ცვლილებებისთვის. ვინც ამას წინასწარ არ ითვალისწინებს, ხშირად მშენებლობის შუაში შეჩერებული პროექტით და ამოწურული ბიუჯეტით რჩება.

 

ბინის ყიდვა vs სახლის აშენება 

ვარიანტებს შორის პირდაპირი შედარება ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან ბევრი ფაქტორი ინდივიდუალურია. თუმცა რამდენიმე ზოგადი პრინციპი მაინც არსებობს, რომელიც ორიენტირს გაძლევთ.

ქალაქში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ბინის ყიდვა უმეტეს შემთხვევაში უფრო პრაქტიკულია. მიწა ძვირია, მშენებლობა კომპლექსური, ხოლო ბინის ბაზარი ლიკვიდური - ანუ საჭიროების შემთხვევაში ბინის გაყიდვა ან გაქირავება შედარებით მარტივია. ქალაქში ბინა ამავდროულად კარგი საინვესტიციო ქონებაა, რომლის ღირებულება წლების განმავლობაში, როგორც წესი, იზრდება.

ქალაქგარეთ სიტუაცია განსხვავებულია. იგივე ფასი, რომლითაც ქალაქში პატარა ბინას ღირს, ქალაქგარეთ კარგი ფართობის მიწის შეძენა და სახლის აშენებაა შესაძლებელი.

მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამ ყოველთვის გახსოვდეთ: მშენებლობა მხოლოდ ფინანსური გადაწყვეტილება არ არის. ეს არის თვეები, ზოგჯერ წლები სამშენებლო პროცესის კოორდინაციაში, ოსტატებთან მუდმივ კომუნიკაციაში, გადაწყვეტილებების მიღებაში. 

 

რა დაგეხმარება ფინანსების დაგეგმვაში და დაგჭირდება თუ არა იპოთეკური სესხი?

შეიძლება უკვე მიიღე გადაწყვიტე, ბინას იყიდი თუ სახლს ააშენებ, მაგრამ ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება სერიოზულ ფინანსურ დაგეგმვას მოითხოვს. ცოტა ადამიანს აქვს ხელზე მთლიანი თანხა და სწორედ აქ შემოდის დახმარების პირველი საჭიროება.

პირველ რიგში, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა ობიექტურად შეაფასეთ. რა შემოსავალი გაქვთ, რა დანაზოგი გაქვთ, რამდენი შეგიძლიათ გამოყოთ სესხისთვის ყოველთვიურად. ეს სამი შეკითხვა ყველა შემდგომი გადაწყვეტილების საფუძველია. 

წინასწარ გამოთვალეთ ყველა ხარჯი. ნუ დაეყრდნობით სავარაუდო ციფრებს. ბინის ყიდვის შემთხვევაში, მოიძიეთ კონკრეტული ვარიანტები, შეაფასეთ რემონტის ღირებულება, დაითვალეთ ყველა დამატებითი ხარჯი. მშენებლობის შემთხვევაში კი სასურველია პროფესიონალის დახმარებით შედგეს ხარჯთაღრიცხვა და მასზე, როგორც ზემოთ გითხარით, “სარეზერვო ბუფერის” დამატება.

როდის არის იპოთეკური სესხი გონივრული გამოსავალი

ბევრი ადამიანის აზრით, სესხის აღება „ვალში ჩავარდნას" ნიშნავს. მაგრამ გათვლილად და პასუხისმგებლობით გამოყენებული იპოთეკური სესხი, სინამდვილეში, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გქონდეთ საკუთარი სახლი იქამდე, სანამ კაპიტალს ეტაპობრივად დააგროვებთ. 

ყველაზე მნიშვნელოვანი პირობების სწორად არჩევაა. გაანაწილეთ განაკვეთი, ვადა და ყოველთვიური გადასახდელი ისე, რომ ყოველთვიური გადასახადი თქვენი ბიუჯეტის კომფორტულ ნაწილს შეადგენდეს და არ ქმნიდეს ზეწოლას.

 

დასკვნა: სწორი გადაწყვეტილება არის ის, რაც თქვენზეა მორგებული

ბინის ყიდვაც და სახლის აშენებაც, ორივე, შეიძლება სწორი გადაწყვეტილება იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ ხართ, სად გსურთ ცხოვრება და რა ეტაპზეა თქვენი ცხოვრება ახლა. ბინა მოგცემთ სწრაფ გადაწყვეტას, კომფორტს და პროგნოზირებად ხარჯებს. სახლი კი თავისუფლებას, მეტ სივრცეს და ინდივიდუალობას. არც ერთი ვარიანტი არ არის უნივერსალურად „უკეთესი". მნიშვნელოვანია ის, რომ გადაწყვეტილება გააზრებულად, გათვლილად და გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით მიიღოთ..

 

თუ ბინის შეძენას ან სახლის აშენებას გეგმავთ: გაიგეთ რა დაფინანსების შესაძლებლობები გაქვთ, გაეცანით პირობებს და მიიღეთ თქვენს საჭიროებებზეა მორგებული იპოთეკური სესხი ბერმელისგან.

 

Buying an Apartment vs. Building a House: Which Option Is Financially Smarter in Georgia?