ყალბი სესხის შეთავაზება: 8 ნიშანი, რომ თაღლითთან გაქვს საქმე (EN)

„სესხი 5 წუთში, საკრედიტო ისტორიის გარეშე, უარის გარეშე“ — ასეთი რეკლამა სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ შეგიხვედრია. ნაწილი რეალურ კომპანიას ეკუთვნის, ნაწილი — ადამიანებს, რომლებსაც სესხის გაცემა არ უნდათ, მათ მხოლოდ შენი ფული ან პირადი მონაცემები სჭირდებათ. თაღლითები ხშირად ცნობილი ფინანსური ორგანიზაციების სახელსა და ლოგოს იყენებენ, ამიტომ გარჩევა რთულია. აქ შეგიკრიბეთ 8 ნიშანი, რომლებიც დაგეხმარება თაღლითობის ამოცნობაში სანამ თანხას დაკარგავ.

1. სესხის გაცემამდე გთხოვენ „საკომისიო“-ს

ეს ყველაზე გავრცელებული სქემაა. გეუბნებიან, რომ სესხი უკვე დამტკიცდა, მაგრამ ჩარიცხვამდე უნდა გადაიხადო „დაზღვევა“, „გადარიცხვის საკომისიო“ ან „ანგარიშის გასახსნელი თანხა“. გადარიცხავ — და კონტაქტი ქრება.

როგორ უნდა იყოს რეალურად: ლიცენზირებული საფინანსო ორგანიზაციის ყველა ხარჯი ხელშეკრულებაში წერია და ასახულია წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში. თუ რაიმე გადასახადი არსებობს, ის თანხიდან იკითხება ან ხელშეკრულების გაფორმებისას იხდი, და არა უცნობ პირად ანგარიშზე.

2. გთხოვენ SMS კოდს, PIN-ს ან ბარათის CVV-ს

არც ბანკი, არც საფინანსო ორგანიზაცია ასეთ მონაცემებს ტელეფონით ან მესიჯერში არ გთხოვს. SMS კოდი ერთჯერადი გასაღებია — ვინც მას ფლობს, შეუძლია შენი სახელით ოპერაცია დაადასტუროს, მათ შორის სხვა სესხის აღებაც.

3. გარანტირებულ დამტკიცებას გპირდებიან

რეალური კრედიტორი ყოველთვის აფასებს გადახდისუნარიანობას: შემოსავალს, უზრუნველყოფას, არსებულ ვალდებულებებს. თუ გეუბნებიან, რომ დაგიმტკიცებენ „ნებისმიერ შემთხვევაში“ და რაიმე შეკითხვის გარეშე, სავარაუდოდ სესხი კი არა, თაღლითობაა.

4. გვერდი წარმოადგენს ცნობილ ბრენდს, მაგრამ არ არის ოფიციალური

ყალბი გვერდები რეალური კომპანიის ლოგოს და ფოტოებს აკოპირებს. შეამოწმე:

  • როდის შეიქმნა გვერდი (Facebook-ზე „Page transparency“) — რამდენიმე კვირის წინანდელი გვერდი საეჭვოა;
  • ხომ არ აქვს გვერდს ცოტა მიმდევარი და დახურული კომენტარები;
  • საიტის მისამართი ზუსტად ემთხვევა თუ არა ოფიციალურ დომენს (მაგალითად, ge და არა bermeli-sesxi.com ან მსგავსი).

ბერმელის ოფიციალური არხებია bermeli.ge, Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და YouTube. სხვა გვერდი, რომელიც ბერმელის სახელით გწერს, თაღლითურია.

5. გაიძულებენ სწრაფი გადაწყვეტილებისკენ

„შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ დღეს“, „დარჩა 3 ადგილი“ — სიჩქარე თაღლითის მთავარი იარაღია. სესხი ფინანსური ვალდებულებაა თვეების ან წლების განმავლობაში. რეალური ორგანიზაცია გაძლევს დროს, წაიკითხო ხელშეკრულება და დასვა კითხვები.

6. კომუნიკაცია მხოლოდ WhatsApp-ში ან პირად მესიჯერში

თუ „მენეჯერი“ გთხოვს პირადობის ფოტოს და სელფის მესიჯერში გადაუგზავნო, შეჩერდი. ასეთი მონაცემებით თაღლითს შეუძლია შენი სახელით სხვაგან სესხი აიღოს ან ანგარიში გახსნას. განაცხადი შეიტანე მხოლოდ ოფიციალურ საიტზე ან ფილიალში.

7. სახელი არ ჩანს ეროვნული ბანკის რეესტრში

საქართველოში საფინანსო ორგანიზაციები საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობენ. სანამ რაიმეს მოაწერ ხელს, შეამოწმე კომპანიის სახელი ეროვნული ბანკის საიტზე (nbg.gov.ge) გამოქვეყნებულ სიაში. სიაში თუ არ არის, არც სანდოობაა.

8. ხელშეკრულება არ არსებობს ან ბუნდოვანია

სესხის ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა ეწეროს: კრედიტორის სრული სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი, სესხის თანხა, ვადა, წლიური ეფექტური განაკვეთი, გადახდის გრაფიკი და წინასწარი დაფარვის პირობები. თუ რომელიმე აკლია ან ხელშეკრულების ფოტოს მხოლოდ ჩატში გიგზავნიან, ხელი არ მოაწერო.

რა გააკეთო, თუ უკვე მოგტყუეს?

  1. დაუყოვნებლივ დაუკავშირდი შენს ბანკს და დაბლოკე ბარათი.
  2. შეინახე მიმოწერა, გადარიცხვის ქვითარი და ტელეფონის ნომერი.
  3. მიმართე სამართლადაცვას და გააკეთე საჩივარი გვერდზე (Report).
  4. თუ ყალბი გვერდი ბერმელის სახელს იყენებდა, გვაცნობე ცხელ ხაზზე 0 422 22 22 20 — სხვებსაც დავიცავთ.

მთავარი წესი

რეალური სესხი შენგან ფულს არ იღებს გაცემამდე და არ გთხოვს საიდუმლო კოდებს. თუ ეჭვი გაქვს, სანამ რაიმეს გადარიცხავ, დარეკე ოფიციალურ ნომერზე ან მოდი უახლოეს ფილიალში. სესხის განაცხადის უსაფრთხო გზა კი მხოლოდ bermeli.ge-ზეა.

ყალბი სესხის შეთავაზება: 8 ნიშანი, რომ თაღლითთან გაქვს საქმე (EN)