მანქანის ყიდვა მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყიდვისთვის საჭირო თანხა სრულად არ გაქვს. ამ დროს ორი ძირითადი გზა ჩნდება: ავტოსესხი ან ავტო ლიზინგი. ორივე გაძლევს საშუალებას, იყიდო ავტომობილი დღესვე და გადახდა სამომავლოდ გადადო. თუმცა, აი რა უნდა იცოდე ამ ნაბიჯის გადადგმამდე:
ავტოსესხი vs ავტო ლიზინგი: ძირითადი განსხვავება
ამ ორ პროდუქტს შორის პირველი მნიშვნელოვანი განსხვავება მფლობელის ვინაობაა.
- ავტოსესხის შემთხვევაში მანქანა შენია. ბანკი ფულს გაძლევს, შენ ყიდულობ, მანქანა შენს სახელზეა.
- ავტო ლიზინგის შემთხვევაში მანქანა ლიზინგის კომპანიის საკუთრებაა მანამ, სანამ თანხას სრულად არ გადაიხდი.
ეს ერთი შეხედვით მცირე განსხვავება კასკადურ ეფექტს ქმნის: ავტოსესხით ყიდვისას მანქანა შეგიძლია ნებისმიერ დროს გაყიდო, დააგირავო, ან სხვაგვარად განკარგო. ლიზინგი კი ამის საშუალებას არ გაძლევს.
ხარჯების შედარება — პროცენტი vs ლიზინგის გადასახადი
ავტოსესხზე იხდი პროცენტს სესხის ნარჩენ ნაშთზე. ლიზინგში - ყოველთვიურ ლიზინგის გადასახადს, რომელიც მოიცავს:
- დაფინანსების გადასახადს (ფაქტობრივად, ანალოგიური პროცენტი)
- მანქანის ცვეთის გადასახადს
- ზოგიერთ შემთხვევაში, სერვისისა და დაზღვევის ხარჯს
ბიზნესი თუ მომხმარებელი: ვისთვის უფრო მომგებიანია ლიზინგი?
ლიზინგის პირობები საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განსხვავებულია.
ბიზნეს-მომხმარებლისთვის ლიზინგი ხშირად უფრო მომგებიანია: ლიზინგის გადასახადი ხარჯად ჩაიწერება, დღგ-ს დაბრუნების პერსპექტივით და ბალანსზე ნაკლები ვალდებულება ჩანს. ფიზიკური პირისთვის ეს უპირატესობები არ არსებობს. ამ შემთხვევაში უფრო გამჭვირვალე და მომგებიანი ვარიანტი შეიძლება იყოს ავტოსესხი.
ავტომობილის ყიდვა კრედიტით: რეალური სცენარი
დავუშვათ, 20,000$-იანი მანქანის ყიდვას აპირებ. განვიხილოთ ორი სცენარი:
ავტოსესხი: ავტოსესხით სარგებლობის შემთხვევაში, მოგიწევს 20%-იანი წინასწარი შენატანის გაკეთება, რაც 4000 დოლარია. გამოდის, შენ გექნება ვალდებულება, გადაანაწილო დარჩენილი 16,000 დოლარი გარკვეული წლების რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში, განვიხილოთ 5 წელი ~14% წლიური პროცენტით. შენი ყოველთვიური გადასახადი 340–360$ იქნება. ვადის გასვლის შემდეგ კი მანქანა შენია.
ავტო ლიზინგი: მოცემულია იგივე მანქანა, 5-წლიანი ლიზინგის პირობით. საწყის ეტაპზე მოგიწევთ დაახლოებით 10%-იანი პირველი შენატანის გაკეთება, რაც 2000 დოლარია. ამის შემდგომ კი ყოველთვიური გადახდა: 240-260$). 3 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ავტომობილის გამოსყიდვის ღირებულება იქნება 10,000-12,000$ (მანქანის ნარჩენი ღირებულება).
დასკვნა: ლიზინგით ყოველთვიურად ნაკლებს იხდი, მაგრამ თუ მანქანის გამოსყიდვას გეგმავ, ჯამური ხარჯი ავტოსესხზე მეტია. ამასთან, ავტოსესხის შემთხვევაში, მანქანა პირველი დღიდან შენს მფლობელობაშია.
რა შეცდომები არ უნდა დაუშვა ავტოსესხით ან ლიზინგით სარაგებლობის დროს
- მხოლოდ ყოველთვიური გადახდის შედარება. ლიზინგი ყოველთვიურად იაფია, მაგრამ ჯამური ხარჯი ხშირად მეტია. ყოველთვის დაითვალე სრული ღირებულება ვადის ბოლოს, გამოსყიდვის ჩათვლით.
- ლიზინგში კილომეტრაჟის ლიმიტის უგულებელყოფა. ჭარბი კილომეტრაჟის ჯარიმა მნიშვნელოვნად გაზრდის ხარჯს. ამიტომ, გირჩევთ ფიქსირებულის გარდა, ცვლადი მახასიათებლებით განპირობებულ ხარჯებსაც დააკვირდეთ.
- ადრეული გამოსყიდვის პირობა. ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით, უმეტესად, მანქანის ვადაზე ადრე გამოსყიდვას დიდი პროცენტი ახლავს. ავტოსესხით მანქანის გაყიდვა ნებისმიერ დროს გაცილებით მარტივად შეიძლება.
- გადახდილი თანხა თუ დაკარგული ფული? ზოგი ფიქრობს: "ნელ-ნელა გადავიხდი და მერე ვნახოთ." გახსოვდეს, ლიზინგი გაძლევს ნელ-ნელა გადახდის საშუალებას, თუმცა, თუ ვადის ბოლოს ავტომობილს არ გამოისყიდი და დარჩენილ თანხას სრულად არ შეიტან, იქამდე გადახდილი თანხა წყალში გადაყრილი იქნება.
რა ჯობია ავტოსესხი თუ ავტო ლიზინგი - თუ გინდა მანქანა 1-2 წელში გაყიდო?
თუ 1-2 წელში მანქანის შეცვლას გეგმავ, პასუხი ცალსახაა: ავტოსესხი.
ლიზინგის შემთხვევაში, 2 წლამდე პერიოდის შემდეგ გამოსვლა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, მოგიწევს გადაიხადო ჯარიმები და დარჩენილი ვალდებულებები, რაც შესაძლოა ორმაგი დაგიჯდეს.
ავტოსესხით 2 წელში შეგიძლია მანქანა გაყიდო, სესხი წინასწარი შესატანით დაფარო და ავტომობილიც შეცვალო, ზოგჯერ ნულოვანი ან მინიმალური დანაკარგით.
თუ მანქანის შეძენას გეგმავ — გაიგე რა დაფინანსების შესაძლებლობები გაქვს, გაეცანი პირობებს და მიიღე შენს საჭიროებებზე მორგებული ავტოსესხი ან ავტო ლიზინგი ბერმელისგან: www.bermeli.ge


