ჭკვიანურია თუ არა იპოთეკური სესხი მშენებარე ბინის შესაძენად?

 

საქართველოში მშენებარე ბინის შეძენა სესხით სულ უფრო პოპულარული ხდება.  მიზეზი მარტივია - ასეთი ბინები გაცილებით იაფია, ვიდრე უკვე აშენებული, ხოლო გადახდის პირობები ბევრად მოქნილია. ბევრი ოჯახი სწორედ ამ გზით ახერხებს საკუთარი სახლის შეძენას, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა.

თუმცა, გადაწყვეტილებას თან ახლავს რისკები, რომლებზეც ადამიანების უმეტესობა წინასწარ საკმარისად არ ფიქრობს. იპოთეკური სესხი დამატებით პასუხისმგებლობას ნიშნავს ოჯახისთვის და აუცილებელია გადაწყვეტილება სრული სურათის გათვალისწინებით მივიღოთ.

 

რატომ ირჩევენ ადამიანები მშენებარე ბინას

მშენებარე ბინის მიმზიდველობა რამდენიმე კონკრეტულ უპირატესობაში მდგომარეობს, რომლებიც ერთად საკმაოდ დამაჯერებელ განსხვავებას ქმნიან. მათ შორის:

  • ფასი: მშენებარე ბინა, განსაკუთრებით მშენებლობის ადრეულ ეტაპზე, შეიძლება 20–30%-ით, ზოგჯერ კიდევ უფრო იაფი იყოს, ვიდრე აშენებული ბინა იგივე ლოკაციაზე. ეს სხვაობა ბევრი ადამიანისთვის იმ ხელმისაწვდომობას ქმნის, რაც სხვა შემთხვევაში ბიუჯეტის ფარგლებს გასცდებოდა.
  • გადახდის მოქნილობა: დეველოპერების დიდი ნაწილი მყიდველებს განვადების სხვადასხვა სქემას სთავაზობს. ნულოვანი პირველადი შენატანი, შიდა განვადება, ეტაპობრივი გადახდა და სხვ. აღნიშნული ეტაპები მშენებლობის პარალელურად ხდება, რაც ერთჯერად ფინანსურ დატვირთვას ამცირებს.
  • ინფრასტრუქტურა და თანამედროვე პროექტი: ახლად აშენებულ კორპუსებში ხშირად ვხვდებით თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიას, როგორიცაა ეფექტური გათბობის სისტემები, ლიფტები, ეზოს კეთილმოწყობა, საპარკინგე ზონა და სხვ. 

 

რა რისკები ახლავს მშენებარე ბინის შეძენას

მშენებარე ბინა, მთელი თავისი პლუსებით, შეიცავს რამდენიმე სერიოზულ რისკს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე დელიკატურ განხილვას მოითხოვს.

  1. მშენებლობის დაგვიანება: ხშირად პროექტის მშენებლობა, რომელიც 2 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, 3–4 წელს გრძელდება. ამ დროს მყიდველი იხდის ბინის თანხას, რომელიც ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. 
  2. პროექტის ცვლილება: ხდება შემთხვევები, როდესაც კომპანია სამშენებლო პროცესში ცვლის სართულების რაოდენობას, ბინის გეგმარებას, ან ეზოს კეთილმოწყობის გეგმებს. საბოლოოდ, ის, რაც კატალოგში ელეგანტურად გამოიყურებოდა, შეიძლება სინამდვილეში სხვანაირი გამოდგეს.
  3. ინფრასტრუქტურის დაგვიანება: ეს პრობლემა ხშირად იჩენს თავს ახალ დასახლებებში, როცა კორპუსის აშენების ტემპს ვერ ეწევა მნიშვნელოვანი ობიექტების მოწყობა - სკოლა, მაღაზია, ტრანსპორტი და სხვ. მსგავსი შემთხვევები მობინადრეებს მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის.
  4. მეოთხე და ყველაზე სერიოზული დეველოპერის ფინანსური პრობლემები: სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარზე ყოფილა შემთხვევები, სადაც კომპანიებმა ვერ შეძლეს პროექტის დასრულება ფინანსური სირთულეების გამო. ასეთ სიტუაციაში მყიდველი, რომელმაც იპოთეკური სესხი აიღო, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 

რა უნდა შეამოწმოთ დეველოპერის შეფასებისას

დეველოპერის სწორად შერჩევა პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ვინაიდან, კარგი ბინა ცუდი დეველოპერისგან უდრის ცუდს ბინას, ვადის, ხარისხის ან სამართლებრივი პრობლემების სახით.

  • პირველ რიგში, გაეცანით კომპანიის ისტორიას: რამდენი წელია ბაზარზე, რამდენი პროექტი აქვს განხორციელებული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვადაში ჩაბარდა თუ არა ისინი. ეს ინფორმაცია ხშირად ღია წყაროებიდანაც ხელმისაწვდომია. მოიძიეთ ყოფილი მომხმარებლების მიმოხილვები, ფორუმები, სოციალური ქსელები.
  • ნახეთ უკვე დასრულებული პროექტები ადგილზე, არა მხოლოდ ფოტოებში. შეხედეთ ხარისხს, ისაუბრეთ მობინადრეებთან. ეს ყველაზე პირდაპირი და სანდო ინფორმაციის წყაროა.
  • შეამოწმეთ პროექტის დოკუმენტაცია: დეველოპერს უნდა ჰქონდეს მშენებლობის ნებართვა, მიწაზე უფლება და ხელშეკრულება, რომელიც ნათლად განსაზღვრავს ვადებს, ბინის პარამეტრებს და პასუხისმგებლობას დაგვიანების შემთხვევაში. თუ ამ დოკუმენტებიდან რომელიმე „პროცესშია" ეს სიფრთხილის სიგნალია.

 

იპოთეკური სესხი მშენებარე ბინის შეძენისას

იპოთეკური სესხი მშენებარე ბინის შემთხვევაში, აშენებულისგან განსხვავებულად მუშაობს.

ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა ნიშნავს, ყველა აუცილებელი ხარჯის გათვლას, რომელიც მშენებარე სახლის ყიდვას ახლავს, იქნება ეს  რემონტი, ავეჯი, კომუნიკაციების მოწყობა თუ სხვ. აღნიშნული ხარჯები უკვე აშენებული ბინის შემთხვევაში ხშირად მინიმალურამდეა შემცირებული ან არ არსებობს.

დამატებითი ხარჯები სესხის ყოველთვიურ გადასახადს ზრდის, რომლის გაუთვალისწინებულობა არც ისე ჭკვიანური ნაბიჯია. ამიტომაც, სესხის მიღებამდე, ზუსტად დათვალეთ ყველა არსებული ან მოსალოდნელი ხარჯი და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ ხელი დოკუმენტს.

 

დასკვნა 

მშენებარე ბინის შეძენა შეიძლება ნამდვილად ჭკვიანური ფინანსური გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება გაცნობიერებულადაა მიღებული. სანდო დეველოპერი, გათვლილი ბიუჯეტი, გააზრებული იპოთეკური სესხი და რისკების ცოდნა: ეს ოთხი ელემენტი ერთად ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც თქვენი გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს.

 

თუ გსურთ, მიიღოთ სესხი ბინის შესაძენად ან იპოთეკური სესხი გაეცანით ბერმელის სესხის პროდუქტებს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ვებგვერდზე: www.bermeli.ge

 

ჭკვიანურია თუ არა იპოთეკური სესხი მშენებარე ბინის შესაძენად?